English / ქართული / русский /
ციცინო გვრიტიშვილი
სტუდენტთა ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების სოციალურ-დემოგრაფიული ასპექტები

ანოტაცია. სტატია ეფუძნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2016-2017 წწ. სტუდენტთა შორის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მასალებს, რომლის მიზანიც იყო მათი ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების და თვითმოვლითი ქცევის თავისებურების შესწავლა.

სოციოლოგიური გამოკითხვის ვრცელი მასალიდან სტატიაში გაანალიზებულია ზოგიერთი სოციალურ-დემოგრაფიული ასპექტი. კერძოდ, სტუდენტთა ჯანმრთელობის ფასეულობა ფასეულობათა იერარქიაში, მათ მიერ საკუთარი ჯანმრთელობის თვითშეფასება, ჯანმრთელობაზე ზრუნვის დონე, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფაქტორები.

საკვანძო სიტყვები: ჯანმრთელობის სოციოლოგია, ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება, თვითმოვლითი ქცევა. 

შესავალი

ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება ადამიანის, საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელია, რომელიც მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს. კაცობრიობის განვითარების ყოველ საფეხურზე თითოეული ეპოქა და კულტურა ამ დამოკიდებულებას გაიაზრებდა არსებული ფასეულობებისა და ტრადიციების ჩარჩოებში. ჯანმრთელობისა და მასთან დამოკიდებული ქცევის პრობლემისადმი ინტერესი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაიზარდა, როდესაც დაავადებების და მოკვდაობის მიზეზთა სტრუქტურაში პირველ ადგილზე გამოვიდა დაავადებები, გამოწვეული არა გარეგანი, არამედ შიგა, ქცევითი მიზეზებით.

საქართველოში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამო, როდესაც იკლებს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, სახეზეა დეპოპულაციის მასობრივი გავრცელების საშიშროება, ხოლო ოჯახის მოდერნიზაციის პირობებში ფასეულობათა იერარქიაში ოჯახის ფასეულობა პირველობას თმობს, დიდია ქვეყნიდან შრომისუნარიანი და განსაკუთრებით ახალგაზრდათა გადინების მასშტაბი, როდესაც გაეროს დემოგრაფთა შეფასებით, ქვეყანა „დემოგრაფიულად მომაკვდავია”, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების დემოგრაფიული ქცევების, კერძოდ მისი ერთ-ერთი სახის – თვითმოვლითი ქცევის თავისებურებების შესწავლა, ანუ აქტივობების გამოვლენა, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისაკენ, რადგანაც ეს ჯგუფი წარმოადგენს რა ქვეყნის შრომითი და პოპულაციური რესურსის პოტენციალს, ხასიათდება დემოგრაფიულ მაჩვენებელთა, მ.შ. მოკვდაობის არცთუ სახარბიელო ტენდენციებით.

ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევების 2/3 და უფროსი ასაკის ადამიანების საერთო ავადობის 1/3 უკავშირდება ცხოვრების პირობებს და ქცევის ნორმებს, რომლებიც სწორედ ახალგაზრდა ასაკში ყალიბდება [მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა საქართველოში, 2015: 4]. 

* * *

ასეთი ვითარების გამო 2016-2017 წლებში დემოგრაფიისა და სოციოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერული კვლევის ობიექტად შეირჩა სტუდენტი ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევის შესწავლა. აქვე აღვნიშნავთ, რომ 15-29 წლის ახალგაზრდები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 22,5%, მათგან ყოველი მეექვსე სტუდენტია [შელია მ., 2017: 8], რაც მთელი მოსახლეობის 3,77%-ის ტოლია [გომელაური ნ., 2017: 114].

ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევა სტუდენტების თვითმოვლითი ქცევის თავისებურების გამოსავლენად, მეცნიერულის გარდა, პრაქტიკულადაც სიახლეა. კვლევის შედეგები ასახვას პოვებს ახალგაზრდობის სფეროში სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას, რაც გარკვეულწილად ეხმიანება 2014 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე მსოფლიოს ქვეყნებისადმი მოწოდებას – მოზარდთა და ახალგაზრდათა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შემუშავდეს ეროვნული სტრატეგიები და პროგრამები შესაბამისი მიზნების და ინდიკატორების განსაზღვრით [Improving young people’s health and wellbeing. 2014: 7].

სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა თბილისის უნივერსიტეტებში. შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1200 სტუდენტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების და თვითმოვლითი ქცევის შესწავლის მეთოდოლოგიური მიდგომები, მიუხედავად წარმატებებისა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და შემდგომ კონცეპტუალურ განვითარებას მოითხოვს.

ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება ჯანმრთელობის სოციოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის საფუძვლების ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის XIX-XX საუკუნის სოციოლოგიის კლასიკოსებს: დიურქჰეიმს [Дюркгейм Э. 1998], ვებერს, რუტენემს, აბელს [Cockerham W... 1997: 321-342]. საკითხის განხილვა თანმიმდევრულად ხდებოდა სხვადასხვა თეორიულ პარადიგმებში, მიმდინარეობდა მკვლევართა ინტერესების გადანაცვლება ავადმყოფის, ექიმის და მედიცინის მნიშვნელობის როლიდან ჯანმრთელი ინდივიდის, მისი ჯანმრთელობის განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზზე.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან კი იწყება ჯანმრთელობის შესწავლის საკუთრივ სოციალური პარადიგმების დამუშავება, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია თვითმოვლითი ქცევის შესწავლა. ასეთ ვითარებაში გამოიკვეთა ის მეთოდოლოგიური სირთულეები, რაც ჯანმრთელობასთან დამოკიდებულების სოციოლოგიური ასპექტების შესწავლას ახლავს თან.

პირველ მეთოდოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს თვით „ჯანმრთელობის” ცნების განსაზღვრა, რომელთან მიმართებაში მსოფლიო მედიცინაში არ არსებობს ერთიანი აზრი, რომელიც ინტეგრირებულებად დაახასიათებდა ამ კატეგორიის ყველა ელემენტს [Журавлева И.В. 2006: 26].

შემდეგ მეთოდოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს იმ ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რომლებიც ზოგადად მოსახლეობის და კერძოდ ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს. გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, იყოს მუდმივი ან ცვალებადი მნიშვნელობის, ჰქონდეს ზემოქმედების სხვადასხვა ძალა და ხასიათი და ა.შ.

21-ე საუკუნიდან გაიზარდა ინტერესი ჯანმრთელობაზე მოქმედი კულტუროლოგიური ფაქტორების მიმართ, როგორებიცაა: ისტორიული და ეროვნული ტრადიციები, სოციალიზაციის თავისებურებები, სოციალური ნორმები და ფასეულობები, ფსიქოლოგიური ფაქტორები.

ამავე დროს, საყოველთაოდ იქნა მიღებული, რომ ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორებიდან ცხოვრების წესზე მოდის 50%, გარემოზე – 20%, გენეტიკაზე – 15-20% და ჯანდაცვაზე – 10-15%. თუმცა ეს დაყოფაც საკმაოდ პირობითია ქვეყნების ეკონომიკური დონიდან გამომდინარე. როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობის შესწავლისას ძირითადია ცხოვრების წესის კვლევა. ცხოვრების წესი სხვადასხვა ქცევით ასპექტში გამოხატული ცხოველმყოფელობის სისტემაა. ის ასახავს ამა თუ იმ კონკრეტული საზოგადოების ადამიანთა ცხოვრების ტიპურ ფორმას, მატერიალური და სულიერი ცხოვრების სფეროში ადამიანთა ურთიერთობების ძირითად ნიშნებს [წულაძე გ. 2006: 288]. ჯანმრთელობის სოციოლოგიაში ცხოვრების წესის განხილვის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ მისი საშუალებით ირკვევა, თუ როგორ მოქმედებენ განსხვავებული დემოგრაფიული, სტატუსური, ეროვნული, რელიგიური და სხვა მაჩვენებლების მქონე ადამიანები კეთილდღეობის ამა თუ იმ დონის დროს, ანუ წინა პლანზე გამოდის ინდივიდთა ქცევა.

თანამედროვე ეტაპზე ქცევით ფაქტორს წამყვანი ადგილი უჭირავს ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის. ჯანმრთელობის სფეროში ინდივიდის ქცევას თვითმოვლითი ქცევა წარმოადგენს. ეს არის ადამიანის აქტივობათა და ურთიერთობათა სისტემა, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის დაცვისკენ სიცოცხლის სრული ციკლის განმავლობაში და სიცოცხლის ვადის გახანგრძლივებისკენ ამ ციკლის ფარგლებში. ის შეიძლება იყოს გაცნობიერებულიც და გაუცნობიერებულიც. თვითმოვლითი ქცევა ეფუძნება საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მოთხოვნილებას [წულაძე გ., 2006: 99], თუმცა სოციალური ქცევის დონისას შეიძლება ამ მიმართულებით ითვალისწინებდეს სხვა ადამიანის მოთხოვნილებებსაც. ის პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიურ თვისებებს წარმოადგენს, თუმცა მასში გაერთიანებულია ბიოლოგიური ელემენტებიც [Антонов А.И. 2010: 437-438].

ინდივიდის ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება, რომელიც მის თვითმოვლით ქცევაში აისახება, გულისხმობს: 1) ინდივიდის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას; 2) ჯანმრთელობასთან, როგორც სასიცოცხლო ფასეულობასთან მიმართებას; 3) საკუთარი ჯანმრთელობით და ცხოვრებით კმაყოფილების გამოვლენას; 4) ინდივიდის ქმედებებს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჯანმრთელობასთან დამოკიდებულების შესწავლის დროს განსაკუთრებით საყურადღებოა ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლები.

ობიექტური მაჩვენებლები რეალურად ასახავს ინდივიდის, ჯგუფის, მოსახლეობის ჯანმრთელობას დაავადებათა შესაბამისი მაჩვენებლების მეშვეობით, ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების სუბიექტურ მხარეს ასახავს ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი მოტივების სტრუქტურა. მოტივების კომპლექსში გამოყოფენ ორიენტაციას კარგ ჯანმრთელობაზე, როგორც თვითმიზანს (ფუნდამენტური ფასეულობა) და ჯანმრთელობაზე, როგორც წარმატებული მუშაობის, კარიერის, გარკვეული მიზნების მიღწევის საშუალებას. ჯანმრთელობის სფეროში მოტივაციის სტრუქტურა ყალიბდება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე და ასახავს მისი სოციალიზაციის თავისებურებებს.

ამჟამად საზღვარგარეთ ყველაზე უფრო გავრცელებულია აბრაჰამ მასლოუს მოტივაციის „პერსონოლოგიური” თეორია, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელად ყოფნის მოთხოვნილება უმაღლესი დონის – თვითრეალიზაციის შემადგენელი კომპონენტია [Маслоу А. 2002; Маслоу А. 1999].

ჩვენ ვიზიარებთ ქართველი დემოგრაფების – გ. წულაძის და ა. სულაბერიძის მოსაზრებას, რომ „ისე როგორც რეპროდუქციული ქცევის შემთხვევაში, თვითმოვლითი ქცევის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლად სავსებით გამოსადეგია განწყობის ფსიქოლოგია. თვითმოვლითი ქცევის განწყობა წარმოადგენს პიროვნების მზადყოფნას ფსიქოფიზიკური აქტივობისკენ, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისკენ” [წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2015: 227].

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2016 წ. ჩატარებული კვლევა სტუდენტების თვითმოვლითი ქცევის და სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხებზე სწორედ ამ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე იყო აგებული. ანკეტა მოიცავდა 28 კითხვას, სიცოცხლის ხანგრძლივობის და მ. როკიჩის ფასეულობათა ორიენტაციების გამოსავლენ ტესტებს.

სტატიის ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ არ განვიხილავთ ყველა შედეგს, წარმოვადგენთ მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს.

კვლევით გამოვლინდა, რომ გამოკითხულ სტუდენტთა მეოთხედისთვის ჯანმრთელობა ფასეულობათა იერარქიაში პირველ ადგილზეა. ამასთან, ვაჟების მაჩვენებელი (32%) თითქმის 2-ჯერ აღემატება ქალების ანალოგიურ მაჩვენებელს (17%).

იმ რესპონდენტებიდან ვისთვისაც ჯანმრთელობა პირველი რიგის ფასეულობაა, მხოლოდ 33% ზრუნავდა მასზე მუდმივად, დანარჩენი 67%-დან 38% ზრუნავდა მხოლოდ ავადმყოფობისას, 37%-ის პასუხები კი ერთობ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი იყო. ჯანმრთელობაზე არზრუნვის მიმართ დამოკიდებულებას ხსნიდნენ ისეთი მიზეზებით, როგორიცაა „არაფერში არ მინდა შევიზღუდო თავი”, „არ მყოფნის ნებისყოფა”, „არ ვიცი როგორ ვიზრუნო”.

ჯანმრთელობის თვითშეფასებით გამოვლინდა, რომ გამოკითხულ სტუდენტთა 44,6% საკუთარ ჯანმრთელობას აფასებდა „კარგად” (მ.შ. მამაკაცთა 52,0% და ქალთა 37,1%), „დამაკმაყოფილებლად” – 47,5% (40,1% მამაკაცი, 54,7% ქალი), „ცუდად” – 5,7% (მამაკაცი – 6,2%, ქალი – 5,2%). პასუხი არ მიუთითა – 2,2%.

მამაკაცების მხრიდან საკუთარი ჯანმრთელობის „კარგად” თვითშეფასების უფრო მაღალი მაჩვენებელი ქალებთან შედარებით – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტრადიციული მამაკაცური და ქალური ქცევის მოდელების დადასტურებაა. მამაკაცები ყოველთვის უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ საკუთარ ჯანმრთელობას!

მიუხედავად საკუთარი ჯანმრთელობის მაღალი შეფასებისა, სტუდენტი ვაჟები უფრო ნაკლებად ზრუნავენ მასზე, ვიდრე გოგონები: ექიმს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდა, თვითმკურნალობას ეწეოდა, მკურნალობდა ხალხური მედიცინის საშუალებებით, იღებდა წამლებს ახლობელთა რჩევით – გამოკითხულ ვაჟთა 51,9%. ქალებისათვის ეს მაჩვენებელი 39,1%-ის ტოლია.

გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფაქტორებიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვიდრე სამედიცინო შემოწმებებს. ცხოვრების ჯანსაღი წესის შემადგენელი კომპონენტებიდან პირველ ადგილზე დასახელდა ჰიგიენის წესების დაცვა – 34,3% (მამაკაცები – 31,3%, ქალები – 37,3%), შემდეგ კვების სწორი რეჟიმი – 25% (მამაკაცები – 21,2%; ქალები – 29,3%), სისტემატური სამედიცინო შემოწმება – 14% (მამაკაცები – 12,4%; ქალები – 16,2%), საკმაოდ დაბალია სისტემატური სპორტული დატვირთვის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ქალი სტუდენტებისათვის – 5,4%, ვაჟებში ანალოგიური მაჩვენებელი – 20,8%-ის ტოლია. ასევე დაბალია დასვენების რეჟიმის მაჩვენებლები – 10,6% (მამაკაცები – 11,7%, ქალები – 9,3%).

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროფილაქტიკური შემოწმების მაჩვენებლებს, მათთვისაც კი, ვისთვისაც ჯანმრთელობა პირველი რიგის ფასეულობაა – ის დაბალია – 15,6%, რაც, სავარაუდოდ, ფასეულობების და პრიორიტეტების აცდენით შეიძლება აიხსნას [მენაბდიშვილი ლ. 2017: 93]. ამასთანავე, თუნდაც ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდაციებს არ ან ნაწილობრივ ასრულებს სტუდენტთა დაახლოებით 45%. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ სტუდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილში თვითმოვლითი ქცევის ნორმები მყარი არ არის და აიხსნება ოჯახში მათი სოციალიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზებით. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტთა 17%-ის ოჯახებში ჯანმრთელობაზე ბავშვობიდან ზრუნვა მიღებული არ ყოფილა.

სტუდენტთა მოსაზრებების ანალიზით ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ, შემდეგი სურათი გამოიკვეთა. პირველ ადგილზე დასახელდა ცხოვრების პირობები – 36%. შემდეგ საკუთარ თავზე ზრუნვა – 32,3%, მემკვიდრეობითობა (გენეტიკა) – 15% და ბოლოს ეკოლოგია – 14%.

სტუდენტებში სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ჯანმრთელობაზე ზრუნვის გავლენა შესწავლილ იქნა სიცოცხლის ხანგრძლივობის ტესტით. შეკითხვები ეხებოდა რესპონდენტთა საცხოვრებელ გარემოს, ოჯახურ მდგომარეობას, სპორტულ დატვირთვას, ძილს, ბედნიერების ხარისხის და ფსიქიკური წონასწორობის თვითშეფასებას, გენეტიკურად სიცოცხლის ხანგრძლივობის დონეს, წონას, სიგარეტის წევის და ნარკოტიკების მოხმარების სიხშირეს. შევეხებით მხოლოდ რამდენიმე მათგანის შედეგებს, მ.შ. ისეთ მავნე ჩვევებთან დამოკიდებულებას, როგორიცაა თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების და ალკოჰოლის მოხმარება სტუდენტებში.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ ვაჟ სტუდენტთაგან თამბაქოს ეწეოდა 29,7% (მ.შ. – ვაჟების – 41,1%; ქალების – 18,2%), ნარკოტიკული საშუალებები არასოდეს ჰქონდა გასინჯული გამოკითხულ რესპონდენტთა 73,8%, მაგრამ ვაჟების 32,2 და ქალების 5,9% გასინჯული ჰქონდა ერთხელ მაინც. ხშირი მომხმარებელი იყო – ვაჟების 2,5 და გოგონების 0,4%. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას – 36,9% მას თვეში ერთხელ მიმართავდა (ვაჟების 35,7%; გოგონების 38,0%), საერთოდ არ სვამდა – 31,1% (მამაკაცების 13,5% და ქალების 48,9%).

საინტერესო პასუხები დაფიქსირდა მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა – 52% ამ მოსაზრებას არ იზიარებდა [მენაბდიშვილი ნ. 2017: 108].

ჯანმრთელობაზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორისაა სტრესული სიტუაციები ოჯახში და ოჯახის მიღმა სოციალურ გარემოცვაში.

ცნობილი მკვლევარის, ფსიქოლოგის, კონფლიქტოლოგის გ. სელიეს აზრით, `ბევრ თანამედროვე დაავადებას, უპირველეს ყოვლისა ქრონიკულს, აერთიანებთ ერთი რამ – სტრესის მიმართ დარღვეული ადაპტაცია, ანუ „ადაპტაციის დაავადებები”, ფართო გაგებით – ეს „მოქმედებაა ადამიანის ორგანიზმზე” [Селье Г.О. 1975; Селье Г.О. 1979].

სტრესი, სტრესული სიტუაციები თანამედროვე ადამიანის მუდმივი თანამგზავრია და სოციალურ მახასიათებლად იქცა. მუდმივად სტრესულ სიტუაციაში ყოფნა განაპირობებს არა მარტო ფსიქოსომატურ დაავადებებს, არამედ სოციალურსაც (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, აზარტული თამაშებით გატაცება, ტუბერკულოზი და სხვა).

საინტერესო სურათი გამოიკვეთა შიგა ოჯახური ურთიერთობების სტუდენტთა ჯანმრთელობაზე ზემოქმედების კვლევისას. სტუდენტთა 70,4% მიუთითებს, რომ მისი ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობებია, მაგრამ მხოლოდ 55%-მა მიუთითა, რომ ოჯახური ურთიერთობები მასზე დადებითად მოქმედებს. რთული გასარკვევია, რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ შემთხვევაში რესპონდენტები. ოჯახში ურთიერთობების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას მიუთითა მხოლოდ 9,7%. ეს მაჩვენებელი 1,25-ჯერ აღემატება ოჯახის გარეთ ცუდი ურთიერთობების გავლენის მომხდენ მაჩვენებელს – 7,7%.

თვითმოვლითი ქცევის დასახასიათებლად ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია სიცოცხლის იდეალურ, სასურველ და სავარაუდო (მოსალოდნელ) ხანგრძლივობას [წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2015: 229].

სიცოცხლის იდეალურ ხანგრძლივობად სტუდენტებმა დაასახელეს 83,1 წელი (მამაკაცებმა – 84,8; ქალებმა – 86,4 წელი), სასურველ ხანგრძლივობად – 82,5 წელი (მამაკაცებმა – 83,2; ქალებმა – 83,9), მოსალოდნელ ხანგრძლივობად – 73,3 წელი (მამაკაცებმა – 78,3; ქალებმა – 79,2). კითხვაზე „დიდხანს სიცოცხლე” – ეს ნიშნავს იცოცხლოთ ... რამდენ წელს? პასუხები შემდეგნაირად განაწილდა – გამოკითხული სტუდენტებისთვის დიდხანს სიცოცხლის მაჩვენებელი 93,5 წელია. მამაკაცებისთვის – 95,7, ხოლო ქალებისთვის 93,5. 

დასკვნა

როგორც ვხედავთ, სტუდენტებს შორის არსებობს დიდხანს სიცოცხლის განწყობა, რასაც ვერ ვიტყვით თვითმოვლითი ქცევის დონეზე.

ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობასთან დაკავშირებით ისეთი გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც შესაბამისი იდეოლოგიის ფარგლებში აამაღლებს ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევის კულტურას. გახდება სტიმული ჯანმრთელობის შენარჩუნების და რისკების თავიდან აცილების საქმეში. როგორც ჯანმრთელობის სოციოლოგიის ცნობილი მკვლევარი მეკანიკი აღნიშნავს, „ქცევა ჯანმრთელობის სფეროში არ საჭიროებს გაცნობიერებულ მოტივაციას და განსაკუთრებულ ძალისხმევას. ქცევა უფრო მეტად საზოგადოების კულტურის და სოციალური სტრუქტურის ზემოქმედების შედეგია, ვიდრე პიროვნული მოტივების და რწმენისა. შეგნებულ მოტივაციაზე დამოკიდებული ქცევების სქემები ნაკლებად მყარია, ვიდრე ისინი, რომლებიც სოციალურ ნორმათა და ტრადიციების უშუალო შედეგებს წარმოადგენენ. მაგ., საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა, გამაჯანსაღებელი სირბილით მასობრივი გატაცება და ა.შ. მოსახლეობაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ნებისმიერი ინდივიდუალური ქცევის შეცვლისკენ მიმართული ნებისმიერი პროფილაქტიკური პროგრამა” [Mechanic D. 1990: 16-22]. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. გომელაური ნ., 2017. ახალგაზრდების სოციალური ჯანმრთელობა და სოციალური უსაფრთხოება. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. თბ.

2. მენაბდიშვილი ლ., 2017. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სტუდენტებში. დემოგრაფიის და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. თბ.

3. მენაბდიშვილი ნ., 2017. სტუდენტთა დამოკიდებულება ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი. დემოგრაფიის და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. თბ.

4. მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა საქართველოში. 2015. ნჩდჩ.

5. შელია მ., 2017. საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ქცევის თავისებურებები. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. თბ.

6. წულაძე გ., 2006. დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ.

7. წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. სახელმძღვანელო. თბ.

8. წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. სახელმძღვანელო. თბ.

9. Cockerham W., Rutten A., Abel T. 1997. Conceptualizing Contemporary Health Lifestyles: Moving Beyond Weber//Sociological Qarterly 38.

10. Improving young people’s health and wellbeing. 2014. – A. framework for public health – Public Health England.

11.  Mechanic D. 1990. The Promoting Health//Society, 27(2).

12. Антонов А.И. 2010. Редактор. Социология семьи. М.

13.  Дюркгейм Э. 1998. Самоубийство, СПББ.

14. Журавлева И.В. 2006. Отношение к здоровью индивида и общества. М.

15.  Маслоу А. 1999. Мотивация и личность. СПБ: Евразия.

16. Маслоу А. 2002. По направлению к психологии быта. М., Эксмо-Пресс.

17. Селье Г.О. 1975. О стрессах. Здоровье мира. М., 1975.

18.  Селье Г.О. 1979. Стресс без дистресса. М., 1979.